Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური ორგანიზაციები ჩაერთვებიან


საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი ვიდეოკონფერენციისას.

„ამ მიზნით, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კრიზისის ეკონომიკური შედეგების მინიმიზებისთვის განახორციელა“, - იტყობინება საქართველოს მთავრობა.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ვიდეოკონფერენციაზე აღინიშნა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადება ისეთი მოწყვლადი სექტორის ბიზნესსუბიექტებისთვის, როგორიცაა ტურიზმი. საუბარი შეეხო სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან კურსთაშორისი სხვაობის დაზღვევას, ასევე ყველა იმ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა კრიზისის პერიოდში ეკონომიკის მხარდასაჭერად ეტაპობრივად განახორციელებს.

ვიდეოკონფერენციისას ასევე განიხილეს ის ღონისძიებები და სტრატეგია, რომლითაც საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს პოსტკრიზისული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG