Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში შიდა გავრცელების კონტაქტების კვლევამ 116 შემთხვევაში COVID-19 არ გამოავლინა


COVID-19-ით დაავადებული ბათუმელი ქალის გარეშემო არსებული კონტაქტებიდან 116 შემთხვევაში, ნიმუშების ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. გუშინ, 8 აპრილს ჩატარებული გამოკვლევის შედეგები მედიას დღეს, 9 აპრილს გააცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

ბათუმელ ქალს, რომლის დაინფიცირების ზუსტი წყარო უცნობია, კონტაქტები ჰქონდა ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან და მეზობლებთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახლო ნათესავებთან და მეზობლებთან. მათ შორის 5-ს კორონავირუსი 7 აპრილს დაუდასტურდა. 5-დან სამი მეზობელია, ხოლო ორი ბათუმელი პაციენტის ოჯახის წევრები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებასთან.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 8 აპრილს, ქობულეთში აღრიცხეს ინფიცირებულებთან 108 კონტაქტირებული პირი. მათგან ლაბორატორიული კვლევისთვის 40-მდე ნიმუში აიღეს როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე ოჯახური კონტაქტების წარმომადგენლებისგან. ნიჟარაძის განმარტებით, ნიმუშების აღება ხდება დადგენილი ვადის და პროტოკოლის დაცვით, რაც მოიცავს რესპირაციულ ჩივილებზე ზედამხედველობას და კონტაქტიდან გასული დღეების რაოდენობას.

ნიჟარაძის განმარტებით, პირები, რომელთა ტესტირება უკვე ჩატარდა, დაავადების რისკის წინაშე თითქმის აღარ არიან, მაგრამ ზედამხედველობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. უკვე ტესტირებული და კონტაქტის მქონე სხვა პირებიდან ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კარანტინში.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მუშაობა გრძელდება და კონტაქტების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

9 აპრილის 12:30 საათის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების საერთო ჯამში, 214 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 50. გარდაიცვალა 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG