Accessibility links

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 2 ახალი პაციენტიდან ერთს მწვავე პნევმონია აქვს


თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი

საქართველოში COVID-19-ით დაავადებული ორი ახალი პაციენტი მიიღო თსსუ-ს პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ. მისმა დირექტორმა, ლევან რატიანმა დღეს, 9 აპრილს მედიას აცნობა, რომ ორი ახალი პაციენტიდან ერთს აქვს მწვავე პნევმონია და მას პროტოკოლის მიხედვით მკურნალობენ.

ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირებული სულ 54 პაციენტი. ლევან რატიანის ინფორმაციით, 6 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სამი მართვით სუნთქვაზეა, სამი - სპონტანურზე. რატიანის თქმით, ელოდებიან „ლუგარის ლაბორატორიის“ პასუხებს, რადგან ამ პაციენტების შემთხვევაში გასულია პროტოკოლით გათვალისწინებული დღეები.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ამ ეტაპამდე არ დადასტურებულა არცერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება. სტაბილურია ორი ბავშვის და ორსული პაციენტების მდგომარეობაც.

ლევან რატიანმა გუშინდელი პირობა შეასრულა და ჟურნალისტების შეკითხვებს მათგან დისტანცირებულად, მცირე ზომის ტრიბუნიდან უპასუხა.

დღეს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა. 9 აპრილის 13:30 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით დაავადების საერთო ჯამში, 214 შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელებულია 50. გარდაიცვალა 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG