Accessibility links

site logo site logo

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორ ისტორიულ თარიღს ეხმაურება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს განცხადებას 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის და 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღების გამო.

"9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიას, როდესაც ხელკეტებითა და სასანგრე ბარებით შეიარაღებულმა საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ჯარმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, და ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენას.სწორედ ამიტომ, 9 აპრილი ერთდროულად ცრემლისა და სიხარულის, გმირული სიკვდილის და თან სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღეა. ამავე დროს, ის ქართველი ერის თავისუფლებისაკენ სწრაფვის სიმბოლო და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნიშანსვეტია".

დავით ზალკალიანი ქედს იხრის დაღუპული გმირების წინაშე აღნიშნავს, რომ 9 აპრილს პატივს მიაგებენ ადამიანებს, რომლებმაც თავი გაწირეს იმ რწმენით, რომ მათი თავდადება მომავალს შეცვლიდა: "დღეს კი, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ვიქნებით ღირსნი იმ თავისუფლების, რომლისთვისაც მათ მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს, რამდენად ვიქნებით მზად ავიღოთ პასუხისმგებლობა და ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი ქვეყანა, რომელიც თავის მომავალს მათ ოცნებებსა და იდეალებზე დააფუძნებს".

დღეს 31 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.

2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტთან მდებარე მემორიალთან მისვლას ტრადიციულად, იწყებდნენ დაღამების შემდეგ. წელს ასე არ მოხდა, რადგან კორონავირუს COVID-19-ის გამო, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. გარდა ამისა, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრძალავს 3-ზე მეტი პირის შეკრებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG