ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ არასოდეს იქნება დავიწყებული მათი მსხვერპლი, ვინც საბჭოთა ჯარებს წინ აღუდგა:
„ვულოცავ საქართველოს 9 აპრილს, დღეს, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენას ზეიმობს და იხსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც 1989 წელს წინ აღუდგნენ საბჭოთა სამხედროებს და ტრაგიკულად დაიღუპნენ.
მათი მსხვერპლი არასდროს იქნება დავიწყებული“, - წერს კარლ ჰარცელი "ტვიტერში".
დღეს 31 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.
2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
დაწერეთ კომენტარი