Accessibility links

აჭარაში კორონავირუსი კარანტინში მყოფ დედა-შვილს დაუდასტურდა


„ორი ახალი შემთხვევა დაგვემატა და ორივე იმპორტირებულია“, - თქვა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისი ინფორმაციით, 40 წლამდე დედას და 10 წლამდე ბავშვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათ 4 აპრილს გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი.

„იმ დროს არანაირი კლინიკური ნიშნები არ ჰქონიათ. შესაბამისად, განთავსებულi იყვნენ საკარანტინო სივრცეში. 9 აპრილს მათ ტემერატურის მატება აღენიშნათ და ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. აუღეს ბიოლოგიური მასალა და PCR კვლევით დადასტურდა COVID -19. ამჟამად „მედ-ალფას“ კლინიკაში მკურნალობენ. ცხელების გარდა სხვა კლინიკური ნიშანი ამ ეტაპზე არ აქვთ“, - თქვა მიქელაძემ.

აჭარის სასტუმროებში კარანტინში სულ 2000-მდე ადამიანი იმყოფება. როგორც მინისტრი ამბობს, ყოველდღიურად თურქეთიდან 100-150 მოქალაქე ბრუნდება და ისინი პირდაპირ საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ. ამასთან, აჭარაში უკვე სამი ცხელების ცენტრი მუშაობს. რეგიონის კლინიკებში COVID -19-ით ინფიცირებული 16 მოქალაქე მკურნალობს. მათგან ერთი არის დამძიმებული ანამნეზით, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა, ზაალ მიქელაძის თქმით, მისი მდგომარება სტაბილურია.

9 აპრილს, 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 218 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია სამი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG