Accessibility links

ტიკარაძე სასულიერო პირებისთვის სწრაფი ტესტის ჩატარების მიზეზს განმარტავს


ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პირველი არხის“ ეთერში ილაპარაკა COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის შესახებ, რომლის თანახმად, სასულიერო პირებს სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგი ჩაუტარდებათ.

„საქართველოში გვაქვს ტუბერკულოზის პროგრამის ძალიან კარგი პრაქტიკა და როცა ამ პროგრამას ვახორციელებდით, რომელიც ძალიან წარმატებით შესრულდა, იქ შეტანილი იყო სასულიერო პირთა და მონასტრების კვლევაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან გარკვეულწილად, ეს დაწესებულებებიც ითვლება მოწყვლად ჯგუფებად. სწორედ აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოების დაცვა და გაფართოებულ ალგორითმში სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა შეტანილი ამ პირების კვლევაც“, – თქვა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, დღესდღეობით, საქართველო არ იმყოფება გავრცელების იმ ფაზაზე, რომ მოქალაქეებს ანტისხეულებზე სწრაფი ტესტი ჩაუტარონ.

„ჩვენი ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობაში ჯერ არ არის გავრცელების ის კოეფიციენტი, სადაც შეიძლება, გადატანილი ინფექციები ვეძებოთ. აქედან გამომდინარე, ჯერ ალგორითმის გაფართოება ამ კუთხით არ იგეგმება. თუმცა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას და ჩვენ განვიხილავთ იმასაც, რომ შეიძლება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ტესტირება ყველა უსიმპტომოსაც ჩავუტაროთ“, – თქვა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე უსიმპტომო მოქალაქეებს ტესტირება ეპიდემიოლოგების და პირველი ჯანდაცვის რგოლის მხრიდან მიტანილი ეჭვის საფუძველზე ჩაუტარდებათ.

ორგანიზაციული ჯგუფები და თავშეყრის ადგილები, რომლებზეც სწრაფი ტესტებით ანტისხეულებზე სკრინინგი ვრცელდება, ასეთია:

  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
  • ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები;
  • თავდაცვის ძალები;
  • სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები;
  • სასულიერო პირები, მონასტრები და სხვ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG