Accessibility links

საქართველოს მოქალაქეები აშშ-დან და კვიპროსიდან ბრუნდებიან


დღეს, 10 აპრილს ვაშინგტონიდან დოჰაში თვითმფრინავით ჩაიყვანენ 79 ქართველ მოზარდს, რომლებიც დოჰადან თბილისში სპეცრეისით დაბრუნდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აშშ-დან ქართველი მოსწავლეების ორგანიზებულად დასაბრუნებლად აქტიური მუშაობა 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და პირადად ელჩს, კელი დეგნანს.

ვაშინგტონიდან-დოჰამდე მოზარდების მგზავრობა აშშ-მა დააფინანსა, დოჰადან თბილისში კი - საქართველოს მთავრობამ. 9 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ სომხეთის თხოვნით, ამავე რეისით აშშ-დან ჩამოიყვანენ სომხეთის მოქალაქე 35 მოზარდსაც.

10 აპრილს საქართველოს 120-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდება კვიპროსიდანაც. თბილისი-ლარნაკა-თბილისის რეისს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი შეასრულებს.

კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი;

14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი;

24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.

ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ბილეთების ონლაინ გაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეების დაბრუნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება და თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG