Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებთ ქუჩაში, პარკებსა და სანაპიროზე ყოფნა აუკრძალეს


სოხუმის სანაპირო
სოხუმის სანაპირო

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად ახალ აკრძალვებს აწესებს.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას მიერ ხელმოწერილი „დეკრეტის“ თანახმად, 11 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებამდე აიკრძალება ქუჩებში, სანაპიროზე, მოედნებზე, პარკებში და სკვერებში ყოფნა.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როცა საქმე ეხება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, აუცილებლად შეასრულებელ სამუშაოს, სურსათის და სხვა საჭირო საქონლის შეძენას, ავადმყოფების მოვლას, 60 წელზე უფროსი ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის პროდუქტის სახლში მიტანას, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს და ნარჩენების გადაყრას.

აკრძალვა არ ეხებათ სამართალდამცავი, სამედიცინო, სოციალური, სამაშველო და საბანკო სისტემის წარმომადგენლებს, მოხალისეებს და იმ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა ნებადართულია.

აკრძალვის პირველი დარღვევისთვის გათვალისწინებულია გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 3 ათასი რუბლის ჯარიმა.

მასმედიით, ან სოციალური ქსელებით წინასწარ გამიზნული არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რამაც შესაძლოა რისკის წინაშე დააყენოს ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება, მოქალაქეები 15 ათასი რუბლით დაჯარიმდებიან, თანამდებობის პირები 30 ათასით და იურიდიული პირები 50 ათასით.

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 27 მარტიდან მოქმედებს. დაკეტილია რესტორნები, კაფეები, სასტუმროები და სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. აკრძალულია მასობრივი შეკრება. მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ერთმანეთთან კონტაქტებისგან და სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ.

დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, 9 აპრილის ღამის მდგომარეობით აფხაზეთში დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 2 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG