Accessibility links

"ქობულეთის კლასტერიდან" კიდევ 6 დაინფიცირებული პაციენტია


კლინიკა "მედალფა"

„ქობულეთის კლასტერიდან“ დამატებით მოძიებული 40 კონტაქტირებული პირიდან ლაბორატორიული კვლევა 8-ს ჩაუტარდა და მათგან 6-ს COVID-19 დაუდასტურდა.

ამის შესახებ დღეს, 10 აპრილს მედიას აცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ. მისი ინფორმაციით, 6-დან ერთი არასრულწლოვანია, დანარჩენები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის.

„ქობულეთის კლასტერი“ უკავშირდება ჯერჯერობით დაუდგენელი წყაროდან დაინფიცირებულ ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მამის ოჯახს სტუმრობდა.

ამ კლასტერიდან 6 ახალი შემთხვევის დადასტურებამდე COVID-19 დაუდგინდა 5 ადამიანს - ინფიცირებული ქალის დას და მამას, რომლებსაც თავის მხრივ კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებთან და სამ მეზობელს.

გუშინ 9 აპრილს, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 8 აპრილს, ქობულეთში აღრიცხეს ინფიცირებულებთან 108 კონტაქტირებული პირი. მათგან ლაბორატორიული კვლევისთვის 40-მდე ნიმუში აიღეს როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე ოჯახური კონტაქტების წარმომადგენლებისგან და არცერთ შემთხვევაში COVID-19 არ დადასტურდა. ნიჟარაძის განმარტებით, ნიმუშების აღება ხდება დადგენილი ვადის და პროტოკოლის დაცვით, რაც მოიცავს რესპირაციულ ჩივილებზე ზედამხედველობას და კონტაქტიდან გასული დღეების რაოდენობას.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ მედიისთვის დღეს, 10 აპრილს მიწოდებული ინფორმაციით, შემთხვევები გასცდა სოფელ გვარას და ამჟამად საუბარია ქობულეთსა და მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელზე. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კონტაქტების მოძიება გრძელდება.

აჭარაში კორონავირუსით დაავადებულ ყველა პაციენტს ბათუმის კლინიკა "მედალფაში" მკურნალობენ.

10 აპრილის 11:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების საერთო ჯამში, 230 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 52. გარდაიცვალა 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG