Accessibility links

ლევან რატიანი: არცერთი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება არ გახდა დამძიმების მიზეზი


თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება COVID-ინფიცირებული 7 პაციენტი. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მათგან სამი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

რატიანმა 10 აპრილს, დღისით გამართულ ბრიფინგზე მედიას აცნობა, რომ კლინიკაში მყოფი სამი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია და არანაირ სიმპტომურ ჩარევას არ საჭიროებენ. კლინიკის დირექტორის თქმით, ორი ორსული პაციენტის და ნაყოფების მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს.

ლევან რატიანის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკის სულ 55 პაციენტიდან 33-ს მწვავე პნევმონია აქვს და მათ პროტოკოლის მიხედვით მკურნალობენ. დღეს კლინიკას დატოვებს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი.

მეორე დღეა ლევან რატიანი საინფორმაციო ბრიფინგს ჟურნალისტებისგან დისტანცირებულად, მცირე ზომის ტრიბუნიდან მართავს. ექიმის გამოჩენისთანავე მას მედიის წარმომადგენლებმა ერთდროულად დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა, მათ შორის, არის თუ არა ზოგიერთი პაციენტის მძიმე მდგომარეობა საავადმყოფოში გვიან გადაყვანის შედეგი.

„იცი, სკრიპკას მე რომ ვუკრავ ამ წუთში, ამიტომ რაც მინდა, იმას რომ ვიტყვი?!“, - უპასუხა მედიას ლევან რატიანმა. ბრიფინგის ბოლოს კიდევ ერთხელ დასმული ამ შეკითხვის პასუხად კი თქვა, რომ „არცერთი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება არ გახდა დამძიმების მიზეზი. დამძიმების მიზეზს ამ შემთხვევაში წარმოადგენს თვითონ ორგანიზმი“.

10 აპრილის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების სულ 230 შემთხვევა. მათგან 54 უკვე გამოჯანმრთელებულია. 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG