Accessibility links

პატიმრები 30-წუთიანი უფასო სატელეფონო კომუნიკაციით ისარგებლებენ


საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, პატიმრებს თვეში 15 უფასო წუთის ნაცვლად, ტელეფონზე 30 წუთით საუბრის საშუალება ექნებათ, სისტემა ტექნიკურად ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. მინისტრის თქმით, დახმარების დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განახორციელა:

„თქვენ იცით, რომ 16 მარტს ჩვენ 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დავუმატეთ პატიმრებს და ეს მთლიანად არის იმ მოლაპარაკებების შედეგი და იმ კერძო კომპანიის დამსახურება, რომელიც ციხეებს ემსახურება და მათ კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან მათ უფასოდ ეს 15 წუთი ყველა პატიმარს მისცეს.

ასევე მადლობა ეკუთვნის მთავარ პროკურატურას, რომლებმაც იმ ბრალდებულებს მოუხსნეს შეზღუდვა, რომელთაც აკრძალვა ჰქონდათ გამოძიების ინტერესიდან ოჯახთან და სხვა გარეშე პირებთან საუბართან დაკავშირებით.

გუშინ ამ 15 წუთს დაემატა კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც 1 კვირის ვადაში ტექნიკურად გაიმართება. ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

COVID-19-ის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში გამოცხადებული განსაკუთრებული პირობების ერთ-ერთი შეზღუდვა პაემნების აკრძალვას შეეხება.

ციხეებში პაემნების აკრძალვით გამოწვეული დისკომფორტის ნაწილობრივ შესავსებად, პატიმრები აქამდე თვეში 15 წუთით უფასო სატელეფონო კომუნიკაციით სარგებლობდნენ.

10 აპრილის 14 საათის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 230 შემთხვევა. მათგან 54 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG