Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი უარყოფს ინფორმაციას პატიმარი ქალების შიმშილობის შესახებ


საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უარყოფს საპატიმრო დაწესებულებაში პატიმარი ქალების შიმშილობის ფაქტს. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მას „მთავარმა არხმა“ ჰკითხა, ადასტურებდა თუ არა იმას, რომ 35 პატიმარი ქალი შიმშილობით გამოხატავდა უკმაყოფილებას პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბოლო შეწყალების აქტის გამო.

„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი მდგომარეობა საპატიმროებში და, პირველ რიგში, ქალებთან. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი პოპულაციის და კონტინგენტის ის ნაწილი, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ძალიან სენსიტიური იმიტომ, რომ გარეთ მათ მოხუცი მშობლები, შვილები ელოდებიან, მაგრამ ყველაზე შეგნებული ნაწილიც ჩვენი კონტინგენტის. ამიტომაც არის, რა თქმა უნდა, სიმშვიდე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმარი ქალების შეწყალების პროცესში პრეზიდენტის მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ძალადობრივი არ ყოფილიყო. ამას გარდა, მინისტრის განმარტებით, პატიმარს შინ უნდა ჰყოლოდა არასრულწლოვანი შვილები და სასჯელის დიდი ნაწილი მოხდილი უნდა ჰქონოდა.

თეა წულუკიანის თანახმად, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა და მას არ უნდა ვუსაყვედუროთ, რატომ შეიწყალა 9 და არა, მაგალითად, 19 პატიმარი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული ქალი 7 აპრილს შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG