Accessibility links

სახალხო დამცველისთვის ქალთა საპატიმროში შიმშილობის შესახებ არ მიუმართავთ


სახალხო დამცველის ოფისში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან ამ დრომდე შიმშილობის შესახებ არც პატიმრებს და არც ადმინისტრაციას არ მიუმართავთ.

ინფორმაცია საპატიმროში 35 ქალის შიმშილობის შესახებ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, მათ ციხიდან დაუკავშირდნენ მოშიმშილე პატიმრები დახმარების თხოვნით. 35 პატიმარი ქალი შიმშილობით გამოხატავდა უკმაყოფილებას პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბოლო შეწყალების აქტის გამო.

მანამდე საპატიმროში ქალთა შიმშილობის შესახებ ინფორმაცია უარყო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმარი ქალების შეწყალების პროცესში პრეზიდენტის მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ძალადობრივი არ ყოფილიყო. ამას გარდა, მინისტრის განმარტებით, პატიმარს შინ უნდა ჰყოლოდა არასრულწლოვანი შვილები და სასჯელის დიდი ნაწილი მოხდილი უნდა ჰქონოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული ქალი 7 აპრილს შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG