Accessibility links

„სამართლიანი არჩევნები“: მუნიციპალიტეტების მერების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს


ბოლო ორი თვის, მარტისა და აპრილის განმავლობაში 4 მუნიციპალიტეტის - კასპის, თერჯოლის, ონისა და ქუთაისის მერების საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“ განცხადებით გამოეხმაურა.

განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვს გამოთქვამს, რომ თანამდებობა მერებმა ცენტრალური ხელისუფლების ან პარტიის მითითების შედეგად დატოვეს:

„დროის მოკლე მონაკვეთში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მერების გადადგომის ტალღა ეჭვებს აჩენს, რომ არჩევითი თანამდებობის პირების მიერ პოსტების დატოვება არაჯანსაღი პროცესის შედეგია. პარტიული დაპირისპირებისა და სავარაუდო ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ მერების გადადგომა არა საკუთარი ნებით, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ან პარტიის მითითებების შედეგია“, - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია.

ESFED-ის შეფასებით, მსგავსი შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს ქვეყანაში რეალური დეცენტრალიზაციის არარსებობას და მნიშვნელოვნად აკნინებს თვითმმართველობის როლს.

„არჩევითი თანამდებობების პირების ბუნდოვანი მიზეზით გადადგომა ამყარებს წარმოდგენას, რომ თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ვერტიკალით იმართება და პირდაპირი წესით არჩეული მერები საკუთარი ლეგიტიმაციის წყაროდ არა ადგილობრივ ამომრჩევლებს, არამედ პარტიულ ლიდერებსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ“, - აღნიშნავს „სამართლიანი არჩევნები“.

ორგანიზაცია მოუწოდებს კასპის, თერჯოლის, ონისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერებს, საჯაროდ და ნათლად განუმარტონ საზოგადოებას თანამდებობიდან გადადგომის მიზეზები.

ESFE -ის მიმართვის ადრესატია ასევე მმართველი პარტია: „სამართლიანი არჩევნები“ მას მოუწოდებს, აღმოფხვრას ადგილობრივი თვითმმართველობების არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო ზეწოლისა და დევნის არაჯანსაღი პრაქტიკა, ხოლო მერების საქმიანობაში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესრულება.

კასპის მერს მანუჩარ მაჩაიძეს, ESFED-ის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მისი თხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილება 11 მარტს შეუჩერა. 1 აპრილს საკრებულოს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ მიმართა. ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ თანამდებობა 5 აპრილს დატოვეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ კი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 8 აპრილს დაწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG