Accessibility links

EMC: შეჩერდეს საბანკო ანგარიშების დაყადაღება და თანხის ჩამოჭრის პროცედურები


EMC, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს ცალკეულ სააღსრულებო წარმოებას დაქვემდებარებული პირების შესაძლო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შეაჩეროს საბანკო ანგარიშების დაყადაღებისა და თანხის ჩამოჭრის პროცედურები.

ამ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ განცხადებაში EMC აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პირობებში, იუსტიციის მინისტრის 515-ე ბრძანებით, განსხვავებულად მოწესრიგდა სააღსრულებო წარმოების ცალკეული ასპექტები. მათ შორის, შეჩერდა უძრავი ქონებიდან გამოსახლების პროცედურები, თუმცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუნარჩუნდა უფლებამოსილება, მოვალეს გამოსახლების თარიღის მითითების გარეშე მაინც გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება. გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულებისათვის გათვალისწინებული 10-დღიანი ვადის ათვლა კი დაიწყება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე.

აქვე, იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე, EMC აღნიშნავს, რომ გამოსახლების პროცედურების შეჩერებას საფუძვლად არა ადამიანების უსახლკარობისგან დაცვა, არამედ კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, აღმასრულებლების საცხოვრისში მისვლასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეები უდევს.

EMC-ის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ გამოსახლების შეჩერების პარალელურად, ახალი ბრძანება არ ითვალისწინებს ასევე ისეთი ტიპის საქმიანობის შეჩერებას, როგორიცაა აუქციონები, მოძრავ ნივთზე ყადაღა და საბანკო ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრა:

„ეს გადაწყვეტილებები გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო, საგანგებო მდგომარეობის პირობებში გასატარებელი ზომების შემუშავებისას, ხელმძღვანელობს არა საჯარო, არამედ კერძო ინტერესით. მაშინაც კი, როცა გლობალური პანდემია მოსახლეობის დიდ ნაწილს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, ის აგრძელებს საფინანსო ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნასა და განმტკიცებას“, - აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.

განცხადებაში EMC პანდემიის პირობებში მთავრობისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას ითხოვს.

კერძოდ, იგი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და იუსტიციის სამინისტროს:

  • შეჩერდეს აუქციონების, საბანკო ანგარიშებზე ყადაღისა და თანხების ჩამოჭრის საკითხები, სულ მცირე, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე;
  • გადაიხედოს გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების ვადები
  • გადაიდგას ნაბიჯები სააღსრულებო წარმოებას დაქვემდებარებული პირებისა და შინამეურნეობების მხარდაჭერის (მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერის) მიზნით;
  • ისეთი ნაბიჯების გადადგმის დროს, რომელიც ეხება პირების სოციალური დაცვის ან/და სათანადო საცხოვრებლის უფლებას, სახელმწიფომ იხელმძღვანელოს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, არამედ ზემოაღნიშნული უფლებრივი სტანდარტებით.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG