Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ყველა ქვეყანას გაუსწრო კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით


შეერთებულმა შტატებმა იტალიას გაუსწრო კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობით - ქვეყნის მასშტაბით აღირიცხა 20,000-ზე მეტი გარდაცვალების და ნახევარ მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გლობალური მონაცემების თანახმად, 11 აპრილს, საღამოს, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილია 20,283, ინფიცირებულია 522,000 ადამიანი. აქედან 180,000 შემთხვევა მოდის ნიუ-იორკის შტატზე, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიის ეპიცენტრად რჩება, 6,367-ზე მეტი გარდაცვლილით.

მსოფლიოს გარშემო, კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 11 აპრილის საღამოს გადასცდა 107,000-ს, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1.76 მილიონს გადააჭარბა - იუწყება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

პანდემიამ დაჩრდილა აღდგომის დღესასწაული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად შემოღებული ზომები შეუძლებელს ხდის მასობრივი რელიგიური რიტუალების ჩატარებას.

იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში ყოველდღიურად კვლავაც ასობით ადამიანი იღუპება COVID-19-ით, დაავადებით, რომელსაც კორონავირუსი იწვევს.

11 აპრილის საღამოს მონაცემებით, იტალიაში გარდაცვლილია 19,468 ადამიანი, ესპანეთში 16,480, საფრანგეთში 13,851. ბრიტანეთში 11 აპრილს 917 ადამიანი დაიღუპა, რამაც მთლიანი მონაცემი 9,892-ს გაუტოლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG