Accessibility links

ავღანეთის მთავრობამ გაათავისუფლა თალიბანის წევრი 100 პატიმარი


ავღანეთის მთავრობამ გაათავისუფლა თალიბანის წევრი 100 პატიმარი, - იუწყება ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭო 12 აპრილს. საბჭო ტვიტერით ავრცელებს პატიმართა რამდენიმე ფოტოს და აცხადებს, რომ ისინი 11 აპრილს გათავისუფლდნენ.

საბჭოს თქმით, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას განხილული იქნა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და სასჯელის დარჩენილი ხანგრძლივობა.

8 აპრილის შემდეგ მთავრობამ, საერთო ჯამში, თალიბანის წევრი 300 პატიმარი გაათავისუფლა. ასეთ ფონზე, თალიბანის პრესმდივანი აცხადებს, რომ ჯგუფი 20 პატიმარს გაათავისუფლებს და მათ ყანდაარში გადასცემს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.

ყატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სა და თალიბანს შორის 29 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმება ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს თალიბანის წევრი 5000 პატიმარი, როგორც ნდობის აღსადგენი ჟესტი ოფიციალურ სამშვიდობო მოლაპარაკებამდე, რომლითაც უნდა დასრულდეს ავღანეთში 18 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი. თალიბანი აცხადებს, რომ გაათავისუფლებს მის პატიმრობაში მყოფ, ავღანეთის სამთავრობო უწყებების 1000-მდე წევრს.

თალიბანის მხრიდან უსაფრთხოების შესახებ დადებული პირობების და მოლაპარაკების დაწყების სანაცვლოდ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა ავღანეთიდან 14 თვის განმავლობაში უნდა გამოიყვანონ თავიანთი ძალები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG