Accessibility links

ბორის ჯონსონი: ჯანდაცვის სისტემა ბრიტანეთის "მფეთქავი გულია"


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყნის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას (NHS) "დაუმარცხებელი" უწოდა მას შემდეგ, რაც ერთი კვირა დაჰყო ლონდონის საავადმყოფოში, COVID-19-ის დიაგნოზით - რესპირატორული დაავადებით, რომელსაც ახალი კორონავიუსი იწვევს.

"ამ შვიდ დღეში, რა თქმა უნდა, ვნახე ის ზეწოლა, რომლის ქვეშაც უწევს მუშაობა NHS-ს", - ამბობს ჯონსონი ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოში. "ვიხილე პიროვნული გამბედაობა, არა მხოლოდ ექიმების და ექთნების, არამედ დამლაგებლების, მზარეულების, ჯანდაცვის სისტემის ყველა თანამშრომლის მხრიდან", - ამბობს ის და დასძენს: "NHS-ი ამ ქვეყნის მფეთქავი გულია, ის დაუმარცხებელია, მას ძალას სიყვარული აძლევს".

კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძნობს, თუმცა უფლებამოსილების განხორციელებას ჯერჯერობით არ დაუბრუნდება.

ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.




დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG