Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის ბიურო საგანგებო მდგომარეობის პირობებში პირველ სხდომას გამართავს


დღეს, 13 აპრილს საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება.

ბიუროს წევრი დეპუტატები დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში მდებარე ბიუროს ოთახის ნაცვლად შეიკრიბებიან პარლამენტის კინოდარბაზში, რომელიც გაცილებით დიდი სივრცის გამო იძლევა COVID-19-ის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული დისტანციის დაცვის შესაძლებლობას.

15 საათზე დანიშნული ბიუროს სხდომის დღის წესრიგი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

გასულ კვირაში, პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა მედიას აცნობა, რომ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი იქნება სარატიფიკაციო ხელშეკრულებები და ორი კანონპროექტი, რომელსაც ბიურო შესაბამის მსვლელობას მისცემს. მაჭარაშვილის თქმით, სხდომაზე ასევე იქნება შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების გამოსვლები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ ბიუროს სხდომაზე დადგება 21 აპრილამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი. გოცირიძის თქმით, საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ მთავრობა წარმოადგენს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების და ბიზნესის გადარჩენის ანტიკრიზისულ გეგმას.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, სოციალური დისტანცირების მიზანი ვერ სრულდება, რადგან მაშინ, როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ეკლესია პრაქტიკულად, სრულიად თავისუფლად მოქმედებს და ხელისუფლება უმოქმედოა. „ევროპულ საქართველოს“ ექნება კონკრეტული წინადადებები, რომელთა შესრულება თან უნდა ახლდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა, რომ ბიუროს სხდომის დღის წესრიგში არ არის საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი, რადგან ქვეყანაში ვითარება ყოველდღიურად იცვლება და 21 აპრილამდე რაიმეს განსაზღვრა რთულია.

საქართველოს პარლამენტის ბიურო ბოლოს შეიკრიბა 21 მარტს, როცა რიგგარეშე პლენარული სხდომისთვის უნდა მოემზადებინა საკითხი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომის წინ, 12 საათზე დანიშნულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში ორი საკითხია: კანონების პროექტები „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG