Accessibility links

კოვზანაძე: 2020 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალი შესრულდა, პრობლემები მეორე კვარტალში იქნება


საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტი შესრულებულია, თუმცა მეორე კვარტალში ასე ვეღარ გაგრძელდება და პრობლემები გამწვავდება მაისში.

"პრობლემები უკვე აშკარად მოჩანს აპრილის თვეში, ჩვენ შემოსავლები გვაკლდება უკვე, განსაკუთრებით საგადასახადო ნაწილში და პრობლემა ჩამოყალიბდება აშკარად მაისშიც და ეს პრობლემები სრული სახით გვექნება მაისში საგადასახადო კუთხით და შემოსავლები სერიოზულად დააკლდება ბიუჯეტს", - ამბობს ირაკლი კოვზანაძე. მან პარლამენტის ბიუროს 13 აპრილის სხდომას ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე მონაცემები გააცნო:

"ციფრები, რომლებიც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტში, გახლდათ შემდეგი, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო პირველ კვარტალში შემოსულობების კუთხით 3 მილიარდ 465 მილიონი, ხოლო შემოსულობების კუთხით მივიღეთ 3 მილიარდ 736 მილიონი. ეს არის თითქმის 271 მილიონით მეტი, ვიდრე დაგეგმილი იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

გადასახადები, სადაც ჩვენ ძალიან მგრძნობიარე პოზიციები გვაქვს, აქაც თითქმის 160 მილიონით მეტი მივიღეთ პირველ კვარტალში... ყველა კუთხით გადასახადების გეგმა შესრულდა, გარდა ერთისა, მცირე დანაკლისი გვაქვს აქციზში. ასევე არის ხარჯების ნაწილშიც, ხარჯებიც შესრულებულია, ხარჯები თითქმის 235 მილიონით მეტი გასწია ფინანსთა სამინისტრომ და ხაზინამ ზოგადად და ამის უფლება მათ აქვთ გამომდინარე საგანგებო მდგომარეობიდან", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს მაისში წარუდგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG