Accessibility links

ქობულეთში კორონავირუსი დაუდასტურდათ ხუთ და ათ წლამდე ბავშვებს


„დაგვიდასტურდა ხუთი ახალი შემთხვევა, მათ შორის ორი არის არასრულწლოვანი - ხუთ წლამდე და ათ წლამდე ასაკის. ეს არის დაკავშირებული „ქობულეთის კლასტერთან“, - თქვა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, ხუთივე პაციენტს კორონავირუსი თვითიზოლაციაში, მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნისას დაუდასტურდა. როგორც ნიჟარაძემ განმარტა, მათ მწვავე რესპირაციური ტკივილები გამოუვლინდათ. „ჩვენ მათგან გარკვეულ პოზიტიურ ლაბორატორიულ შედეგს ველოდებოდით, რადგან ჰქონდათ კონტაქტი [ინფიცირებულთან] და კლინიკური გამოხატულება.

რაც შეეხება ზოგადად „ქობულეთის კლასტერთან" დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობას, უკვე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.

როგორც ნინო ნიჟარაძე ამბობს, 25 პირის გარშემო მოძიებულია პირველი და მეორე რიგის კონტაქტები, რომელთა რაოდენობამაც ჯამში 355-ს მიაღწია: „ყველა კონტაქტირებულ პირზე დამყარებულია მკაცრი ზედამხედველობისა და თვითიზოლაციის რეჟიმი. დაახლოებით 180 პირს უკვე ჩატარებული აქვს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, საიდანაც დადასტურებული შემთხვევების აღნიშნული რაოდენობა არის გამოვლენილი. დანარჩენ ადამიანებს პროტოკოლის დაცვით ტესტირება ჩაუტარდებათ“.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რონ ზომები არის მიღებული არა მხოლოდ ქობულეთის ოთხ სოფელში, არამედ ქალაქის გარკვეულ ნაწილში. „თერმოსკრინინგის გარდა, მიმდინარეობს ანამნეზის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რესპირაციული ჩივილების გამოვლენის ერთეული ეპიზოდის შესახებაც კი. ასეთები მიიჩნევიან საყურადღებო პირებად, ხვდებიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდებათ ლაბორატორიული შემოწმება“, - თქვა ნიჟარაძემ. ათ ე.წ. საყურადღებო ადამიანს უკვე აუღეს ნიმუში და პასუხი 14 აპრილს გახდება ცნობილი.

12 აპრილს სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა ქობულეთის ოთხ სოფელში (გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავრუკა).

„ქობულეთის კლასტერი“ უკავშირდება ჯერჯერობით დაუდგენელი წყაროდან დაინფიცირებულ ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მამის ოჯახს სტუმრობდა

სამთავრობო ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 272-ს მიაღწია, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 68, სამი ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 890. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 439. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG