Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეები ამსტერდამიდან ბრუნდებიან


დღეს, 14 აპრილს საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე სამშობლოში ნიდერლანდიდან დაბრუნდება. თბილისი-ამსტერდამი-თბილისის ავიარეისს კომპანია „Georgian Airways“-ი შეასრულებს.

კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი;

24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი;

30 აპრილი - თბილისი-მადრიდი-თბილისი;

2 მაისი - თბილისი-პრაღა-თბილისი.

ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ბილეთების ონლაინგაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დაბრუნებისას სახელმწიფო ხელმძღვანელობს გარკვეული კრიტერიუმებით - უპირატესობა ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ფლობდნენ დასაბრუნებელ ავიაბილეთებს და დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს სამშობლოში გამგზავრება, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე მოქალაქეებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, ოჯახებს მცირეწლოვანი ბავშვებით, სტუდენტებს, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდათ და პირებს, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების გამო დარჩნენ თავშესაფრის გარეშე, ან ავტოტრანსპორტით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ სახმელეთო საზღვრების დაკეტვის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეების დაბრუნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება და თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში ორგანიზებულად დაბრუნდა 5500-ზე მეტი მოქალაქე.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG