Accessibility links

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დატოვებს კორონავირუსისგან განკურნებული 2 პაციენტი


თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს დატოვებს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 2 პაციენტი. მათ შორის, 62 წლის მარნეულელი ქალი, რომლის მდგომარეობას ექიმები აფასებდნენ როგორც ტერმინალურს, ანუ ბოლო სტადიას.

საავადმყოფოდან ამ პაციენტის გაწერის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა 10 აპრილსაც განაცხადა. დღეს, 14 აპრილს, რატიანმა მედიას აცნობა, რომ რამდენიმე საათში ამ პაციენტთან ერთად საავადმყოფოს დატოვებს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული, 65 წლის ქალი.

მათი გაწერის შემდეგ კლინიკაში დარჩება კორონავირუსით დაავადებული 65 პაციენტი. ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაშია 5. მათგან მძიმე იყო ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა, რომელიც ბოლო 48 საათია მკვეთრად გაუმჯობესდა და ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია აღარ სჭირდება.

ხელოვნურ ვენტილაციაზე რჩება 4 პაციენტი. ლევან რატიანის ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა ტერმინალური იყო, თუმცა, მკურნალობის შედეგად ამ ეტაპზე სტაბილური გახდა. მძიმე, თუმცა სტაბილურია კიდევ 3 პაციენტის მდგომარეობა.

კლინიკის დირექტორის თქმით, სტაბილურია 9 კვირის ორსულის და ნაყოფის მდგომარეობა. კვლავ რაიმე პათოლოგიის გარეშეა 3 მოზარდიც, რომლებსაც 14 დღის გასვლის შემდეგ ტესტირებას ჩაუტარებენ.

ლევან რატიანის ინფორმაციით, მკვეთრად გაუმჯობესდა მათ კლინიკაში სხვა საავადმყოფოდან გადაყვანილი მედპერსონალის „რამდენიმე“ წარმომადგენლის მდგომარეობა.

14 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 296 შემთხვევა. მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG