Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიამ გაასაჩივრა საზოგადოების მონაწილეობის შემზღუდველი ნორმა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისას


საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის ძალითაც შეიზღუდა საგანგებო მდგომარეობის დროს საზოგადოების მონაწილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

საია სადავოდ ხდის ,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 არტის N181 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები უნდა განხორციელდეს საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე. ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებით, კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულია გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით. კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს დაუშვებელია 29-ე მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა უფლება, დადგენილებით (რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის არ წარმოადგენს ,,კანონს“) შეეზღუდა გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა”, - აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

საია საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს, რომ გასაჩივრებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვის ფორმალურ კრიტერიუმებს და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მისმა თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს 13 აპრილს მიმართეს. საია ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაჩქარებული წესით იმსჯელოს აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და არსებითი განხილვის საკითხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG