Accessibility links

აშშ-ის წარმომადგენელი დოჰაში შეხვდა თალიბანის მაღალი რანგის წევრებს


ავღანეთში აშშ-ის წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი ყატარში შეხვდა თალიბანის მაღალი რანგის წევრებს, რათა განეხილა "ამჟამინდელი გამოწვევები", რომლებიც გაჩნდა აშშ-სა და თალიბანს შორის თებერვალში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების პროცესში - იუწება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

დოჰაში 13 აპრილს გამართული მოლაპარაკების შესახებ ვაშინგტონმა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის პატიმართა გაცვლის პირველი შემთხვევა შედგა.

დოჰაში თალიბანის ოფისის პრესმდივნის, სუჰაილ შაჰინის თქმით, ხალილზადი და აშშ-ის არმიის გენერალი, სკოტ მილერი, შეხვდნენ მოლა აბდულ ღანი ბარადარს, ავღანეთის თალიბანის თანადამაარსებელს და ჯგუფის მთავარ მომლაპარაკებელს. შაჰინის თქმით, მხარეებმა განიხილეს 29 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების "სრული იმპლიმენტაცია", რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის ჯარის ეტაპობრივ გამოყვანას ავღანეთიდან. შაჰინი ამბობს, რომ განხილვის საგანი იყო ასევე "შეფერხება პატიმართა გათავისუფლების პროცესში".

ხალილზადმა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით ავღანეთში გასამართი მოლაპარაკებებისკენ გადადგმული "მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა პატიმართა გაცვლის პროცესის დაწყებას ქაბულსა და თალიბანს შორის.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანახმად, თალიბანმა 12 აპრილს სამხრეთის რეგიონ ყანდაარში გაათავისუფლა ავღანეთის მთავრობის 20 წარმომადგენელი. მანამდე ავღანეთის მთავრობამ გაათავისუფლა თალიბანის წევრი 100 პატიმარი, რითიც საერთო ჯამში 300-ს გაუტოლდა ქაბულის მიერ 8 აპრილის შემდეგ გათავისუფლებული თალიბანის წევრი პატიმრების რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG