Accessibility links

თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისით დღეს 184 მოქალაქე დაბრუნდება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დღეს, 14 აპრილს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში საქართველოს 184 მოქალაქე დაბრუნდება. მათ შორის არიან ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, მალტიდან, ტაილანდიდან და ნორვეგიიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, ფრენების დროს ბორტზე ძირითადად დაცულია ხოლმე მგზავრთა ჭადრაკისებური განთავსების პრინციპი, თუმცა ხდება გამონაკლისების დაშვებაც იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტული მგზავრების რაოდენობა დიდია. მიხეილ ნინუას თქმით, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის 14 აპრილის რეისი სწორედ ასეთი გამონაკლისია:

„გადაწყდა, რომ ამსტერდამის რეისის ბორტი სრულად შეივსოს და მოქალაქეებს ჰქონდეთ თვითმფრინავის სრული შემადგენლობით სარგებლობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ.

სამინისტროს თანახმად, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის 14 აპრილის რეისის მგზავრთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები.

კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შესრულებული ავიარეისების ფარგლებში სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ მოქალაქეები ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან და ლარნაკადან. დანიშნულია მოქალაქეთა ეტაპობრივი დაბრუნების მომდევნო ავიარეისებიც:

16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი;

24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი;

30 აპრილი - თბილისი-მადრიდი-თბილისი;

2 მაისი - თბილისი-პრაღა-თბილისი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 5,238 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 5,866 მოქალაქე.

ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG