Accessibility links

რუსეთში წუხელ კორონავირუსით კიდევ 2774 ადამიანი დაავადდა. პუტინი ჯარის გამოყენებაზე ფიქრობს


რუსეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 2774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, მთელი რუსეთის მასშტაბით ეპიდემიის გამოცხადების შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სულ მცირე 21 ათასს შეადგენს.

გარდაცვლილთა რაოდენობა 170-მდე გაიზრდა.

ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა რუსეთის დედაქალაქში, სადაც COVID-19-ით დაავადდა კიდევ 1016 კაცი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთს შესაძლოა ჯარის გამოყენება დასჭირდეს კორონავირუსის კრიზისთან საბრძოლველად. პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ვირუსის გავრცელება აჩქარებულია და საჭიროა დამატებითი ზომები კრიზისთან საბრძოლველად.

მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონში კარანტინია გამოცხადებული, მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ საკვების საყიდლად, ნაგვის გადასაყრელად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად და, ასევე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამსახურში წასასვლელად.

ვიდეოჩართვით განხორციელებულ შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიითაც გადაიცემოდა, პუტინმა ოფიციალურ პირებს უთხრა, კრიზისთან საბრძოლველად განიხილონ ჯარის გამოყენების შესაძლებლობა.

კორონავირუსის კრიზისის გამო წესრიგის დასამყარებლად და სამოქალაქო უწყებების მხარდასაჭერად ჯარის გამოყენება დასჭირდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG