Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრია ჯაღმაიძე: ინფიცირებულ დაცვის წევრს საპატრიარქოს თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, COVID-19 არ დაუდასტურდა დაცვის სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომელთაც შეხება ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან.

ანდრია ჯაღმაიძე ფეიბუკის პირად გვერდზე ასევე წერს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფიცირებული თანამშრომელი საპატრიარქოს შესასვლელს აკონტროლებდა და მას შენობის შიდა ნაწილთან შეხება არ ჰქონია.

„ზოგადად, საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია. დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ჩაუტარდა კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი. დაცვის ინფიცირებულ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა, არ ჰქონდა“,- წერს ანდრია ჯაღმაიძე.

კორონავირუსი დაუდასტურდა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს. ის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ცხოვრობს და საპატრიარქოს ერთ-ერთ ობიექტს იცავდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა სასულიერო პირს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მღვდელმსახურებაში იყო ჩართული.

14 აპრილის 16:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 296 შემთხვევა. მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG