Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა სასაფლაოების დახურვის საკითხს განიხილავს


სასაფლაოების შესაძლო დახურვის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი სიტყვებით, სააღდგომო დღეებში, ხალხის მასობრივი თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, სასაფლაოების დახურვის შესაძლებლობას მთავრობა სერიოზულად განიხილავს.

„ჩვენ სერიოზულად გაგვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან.

„მესმის, რომ არ არის იოლი, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ უახლოესი 1-2 დღის განმავლობაში და ამის შესახებ წინასწარ ადამიანებს გავაფრთხილებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, ამ შეზღუდვის შემოღება მოუწევთ, მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით.

თბილისში მუნიციპალურ საკუთრებაში 56 სასაფლაოა, არსებობს რამდენიმე კერძო სასაფლაოც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ 15 აპრილს, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში (თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში) შესვლა და გამოსვლა, 10 დღით აიკრძალება.

გიორგი გახარია მიმართავს პრეზიდენტს, რათა, თავის მხრივ, მან მიმართოს პარლამენტს, უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG