Accessibility links

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას პარლამენტი სავარაუდოდ 21 აპრილს უყრის კენჭრს


„საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით“,- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე.

მისივე სიტყვებით, თუ მიმართვა პარლამენტში 21 აპრილს შევა, სხდომა 22 აპრილს ჩატარდება.

„მაგრამ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ეს იყოს 21 აპრილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერს.

„იმისათვის, რომ ჩვენ ეს რისკები შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დავიყვანეთ და მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 15 აპრილს, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში (თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში) შესვლა და გამოსვლა, 10 დღით აიკრძალება.

გიორგი გახარია მიმართავს პრეზიდენტს, რათა, თავის მხრივ, მან მიმართოს პარლამენტს, უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ.

21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG