Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა იკრძალება


დღეიდან, 15 აპრილიდან ათი დღის განმავლობაში აკრძალული იქნება საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

აკრძალვა 21:00 საათიდან ამოქმედდება. დაიშვება გამონაკლისები, რომელთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ მთავრობის ერთიან ცხელ ხაზს, ნომერზე: 144.

საქართველოს მთავრობამ ახალი შეზღუდვის დაწესება 14 აპრილს, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ დღე-ღამეში ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 30 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად, გადავიდა ვირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე, ამიტომ ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაა საჭირო.

გარდა ამისა, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ.

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად პრეზიდენტს 21 მარტს მიმართა. იმავე დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა დეკრეტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.

ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 30 მარტს, მთავრობამ მიიღო საქართველოში "ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინის“ გამოცხადების გადაწყვეტილება და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება სრულად აკრძალა.

15 აპრილის 8:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 300 შემთხვევა. მათგან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 3 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG