Accessibility links

აშშ-მა დაფინანსება შეუჩერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, აშშ აჩერებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიუჯეტში თანხის შეტანას. ტრამპმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გაეროს ეს ორგანიზაცია ვერ გაუმკლავდა ახალი კორონავირუსის პანდემიას.

თეთრ სახლში 14 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინფორმაციას არასაკმარისად იღებდა, არ ამოწმებდა და დროულად და გამჭვირვალედ არ ავრცელებდა.

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციამ ძირითადი მოვალეობა ვერ შეასრულა და ამისთვის პასუხი უნდა აგოს. ტრამპის შეფასებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებდა ჩინეთის დეზინფორმაციას და ამ ქვეყანას ზედმეტად ენდობოდა, რამაც ეპიდემიის მასშტაბი გაზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დაფინანსება არ განახლდება, სანამ ვაშინგტონი არ შეისწავლის, როგორ რეაგირებდა ორგანიზაცია კრიზისზე და რა როლი აქვს მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელებაში. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიუჯეტში ყოველწლიურად შეაქვს 400-500 მილიონი დოლარი, რაც 10-ჯერ აღემატება ჩინეთის შენატანს.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ან ვირუსთან მებრძოლი ნებისმიერი სხვა გაერთიანებისთვის რესურსების შემცირების დრო არ არის. გუტერეშის თქმით, დღეს ერთიანობის და საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარული მუშაობის დროა.

მძიმე პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან. ამჟამად ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი 2 მილიონს უახლოვდება. გარდაცვლილია 126 700-ზე მეტი ადამიანი. ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG