Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის და სსფ-ის მისიის შეთანხმებას აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო განიხილავს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის(სსფ) მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასა და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე.

მისიის წევრებმა ეს განცხადება 14 აპრილს, ვაშინგტონიდან გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ბიუჯეტში გადასარიცხად COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად.

მისიის წევრთა პრესრელიზის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19-ის პანდემიის და ეკონომიკაზე მისი უარყოფითი გავლენის შესაკავებლად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაფინანსების ზრდა კი, ხელს შეუწყობს მყისიერი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარებას, სხვა დონორების თანხის მოზიდვას და შემდგომ აღმავლობას.

საერთაშორისო სავალუტი ფონდის მისიამ მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება 1-13 აპრილს გამართა.

„პროდუქტიული დისკუსიის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. სსფ-ს გუნდი რეკომენდაციას იძლევა სსფ-ს მხარდაჭერის საერთო თანხის გაზრდის შესახებ კვოტის 130 პროცენტით, დაახლოებით 375 მილიონი აშშ დოლარით, რაც მოეხმარება ჯანდაცვის და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებების დაფინანსებას, დააკმაყოფილებს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საგადამხდელო ბალანსის საჭიროებებს, მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მობილიზებას“, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.

მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, თანხის ნაწილი, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი იქნება საბიუჯეტო დახმარება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას დაეხმარება სასწრაფო სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების მოგვარებაში. თანხის ეს ნაწილი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მიმოხილვის დამტკიცებისთანავე. მისიის დონეზე მიღწეულ შეთანხმებას საბჭო მაისის დასაწყისში განიხილავს.

სსფ-ს მისიის ინფორმაციით, მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში საქართველოს კვოტის 155%-ს, დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება.

ფონდის მისია ასევე, აღნიშნავს, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2020 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ს 4%-იანი კლება. ამჯერად, პროგნოზის გარშემო არსებული გაურკვევლობა უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში. ვაჭრობის შემცირება, ტურიზმის შეჩერება და გადმორიცხვების კლება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს მშპ-ს 111⁄3 პროცენტამდე გაზრდის 2020 წელს. გლობალურუად ინვესტორთა გაზრდილი სიფრთხილის გამო, სავარაუდოა წმინდა კერძო შემოდინებების შემცირება და ინვესტიციების გადავადება. პანდემიამ წარმოშვა საგადამხდელო ბალანსის დაფინანსების საჭიროება დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით 2020-21 წლებში. ეს საჭიროება დაფინანსდება სსფ-ს და სხვა დონორების დახმარებით.

მისიის შეფასებითვე, საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19-ის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. გასულ წლებში გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და საგარეო რეზერვების ზრდის, კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილ საფინანსო სისტემისა და დონორების მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების წყალობით საქართველო მომზადებულია ამ გამოწვევის პირისპირ.

2020 წელს ფისკალური დეფიციტი დროებით გაიზრდება მშპ-ს 81⁄2 პროცენტამდე, რადგან შემოსავლები იკლებს, ხარჯები კი მატულობს ვირუსის შესაკავებლად და პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. ხელისუფლებამ მოიძია ფინანსური რესურსი საერთაშორის სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც დააფინანსებს ამ გაზრდილ დეფიციტს და ასევე შექმნის ბუფერს, რაც მთავრობას დაღმავალი რისკების მატერიალიზების შემთხვევაში შემდგომი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მისცემს. საქართველოს ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, შოკის დასრულების შემდეგ განახორციელოს ფისკალური კონსოლიდაცია და გაზარდოს ფისკალური რეზერვი რისკებთან გასამკლავებლად.

სსფ-ს მისია ასევე, აღნიშნავს, რომ ფასების სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკმა განახორციელა სავალუტო ინტერვენციები გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად და გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერები დროულად გამოთავისუფლდა ეკონომიკის მხარდასაჭერად. ბანკებს ეთხოვათ მოსალოდნელი დანაკარგი დაუყოვნებლივ ეღიარებინათ. საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა მისი პოლიტიკა მოქნილად შეცვალოს ვითარების შესაბამისად, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა.

სსფ-ს მისია მიიჩნევს, რომ სტრუქტურული რეფორმების შემდგომი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას საშუალოვადიან პერიოდში და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას. მისიის განცხადებით, ხელისუფლებამ სწრაფად უნდა აამოქმედოს კანონი საწარმოთა გადახდისუუნარობის შესახებ. საბაზისო პენსიის ინდექსირების წესის დამტკიცება კი, გააუმჯობესებს პენსიონერთა რეალურ შემოსავალს და შეამცირებს სიღარიბეს მოხუცთა შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG