Accessibility links

საქართველოს მთავრობა: ფაქტობრივად, ვემზადებით კორონავირუსის ეპიდემიის პიკისთვის


საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, შედის კორონავირუს COVID-19-ის ეპიდემიის პიკის ფაზაში.

„15 აპრილის მონაცემებით, უკვე ქვეყანაში გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა კოვიდ-ინფიცირებისა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და ასევე, მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, რა კავშირებიც უკვე ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და, ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე მკაცრდება შეზღუდვები და დღეიდან, საღამოს 9 საათიდან იკრძალება თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან გასვლა და ამ ქალაქებში შესვლა. ამასთან, მთავრობის დადგენილებით დაშვებულია გამონაკლისები.

გარდა ამისა, მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, 10 მაისამდე გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა, რომელიც 21 აპრილს უნდა ამოწურულიყო.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ყველა დაწესებული აკრძალვა და შეზღუდვა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, ეს ზომები მიმართულია ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად და ეკონომიკური ცხოვრების რიტმის რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად: „საქართველოს მთავრობის სახელით მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენს ქვეყანაში მყოფ ყველა ადამიანს, რომ მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ სახლები, დავრჩეთ სახლში და ამით დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG