Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

La Repubblica: იტალიელებს 200 ევროს სთავაზობენ რუსეთის სამადლობელი ვიდეოს გადასაღებად


იტალიური გამოცემა La Repubblica იუწყება, რომ იტალიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები თავიანთ ნაცნობ იტალიელებს სთავაზობენ გადაღებას "რუსეთის მედიის" ვიდეოში და კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობის გადახდას რუსეთისა და პუტინისთვის.

ჰუმანიტარული დახმარების შესახებ კარგი სიტყვების სანაცვლოდ მზად არიან 200 ევრო გადაიხადონ, იტალიელებს ასეთი შეთავაზება Whatsapp-ით მისდით, - იუწყება გაზეთი.

"მათ სჭირდებათ 15 იტალიელი, რომლებიც რაღაც კარგს იტყვიან რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. უკეთესი იქნება, ეს იყოს ვიდეო, ან პოსტი ფოტოებით. ვიდეოში 200 ევროს იხდიან, პოსტში ნაკლებს", - ეს არის შეტყობინების ტექსტი, რომელიც ერთ-ერთმა იტალიელმა მიიღო და რომელიც გამოცემას მაგალითად მოჰყავს. რუსეთის მთავრობის საქებარი ვიდეო უნდა განთავსდეს ტვიტერზე, ფეისბუკზე ან ინსტაგრამზე.

ჟურნალისტებმა მიაგნეს ახალგაზრდა ქალს, რომელმაც TikTok-ზე გამოაქვეყნა სამადლობელი ვიდეო რუსეთის მიმართ. ქალი La Repubblica-ს მოუყვა, რომ ასეთი ვიდეოს გადაღება სთხოვა მეგობარმა, რომელსაც სანაცვლოდ 20 ევრო გადაუხადეს.

რომში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ არაფერი იცის იტალიელებისთვის გაკეთებულ შეთავაზებებზე, ვიდეო ფულის სანაცვლოდ გადაიღონ.

"რუსეთს არ ესაჭიროება ასეთი ფორმით აღიარება. ჩვენთან ყოველდღე შემოდის ასობით ზარი, წერილი და კომენტარი გულწრფელი სამადლობელი სიტყვებით უბრალო მოქალაქეებისგან, ქალაქების და რეგიონების ხელმძღვანელებისგან, პოლიტიკოსებისგან, ბიზნესმენებისგან", - განაცხადეს საელჩოში, სადაც ამგვარ შეთავაზებებს თაღლითობად მიიჩნევენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარტში იტალიას გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, ექიმები და კორონავირუსთან საბრძოლველი აღჭურვილობა, კრემლის მომხრე ბლოგერებმა და მედიამ ამ ოპერაციის აქტიურად გამოყენება დაიწყეს პროპაგანდისთვის. მაგალითად, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც მამაკაცი ევროკავშირის დროშას რუსეთის დროშით ცვლის და შემდეგ აჩვენებს ქაღალდს წარწერით: "გმადლობ, რუსეთო! გმადლობ, პუტინ!". ვიდეოს წყარო და ავტორი მითითებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG