Accessibility links

საქართველოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა


ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურმა საავადმყოფომ 12 ისეთ პაციენტს ჩაუტარა ტესტირება, რომელთა პირველადი ტესტირება უარყოფითი იყო.

„ორი პაციენტის შემთხვევაში კი ისევ უარყოფითია PCR-კვლევის შედეგები. ჩავთვალოთ, რომ კიდევ ორი პაციენტი გამოგვიჯანმრთელდა”, - თქვა ეზუგბაიამ. პაციენტები საავადმყოფოს დღესვე დატოვებენ და თვითიზოლაციაში ან საკარანტინო ზონაში გადაინაცვლებენ. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა.

როგორც ეზუგბაია ამბობს, დანარჩენ შემთხვევებში PCR-ტესტირებას 24-საათიანი ინტერვალით გაიმეორებენ და მათი გამოჯანმრთელების საკითხი 16 აპრილს გაირკვევა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ 306-ია.

მარინა ეზუგბაიამ ორი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის შესახებაც ილაპარაკა, რომლებიც ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ.​ „დაავადება აღარ პროგრესირებს, სტაბილიზაცია უკვე დადგა, მაგრამ ჯერჯერობით პროგნოზირება შეუძლებელია. ისინი პრობლემურ-მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან“, - ამბობს ექიმი. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ინფიცირებული მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც მათთან შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება.

ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 12 პაციენტის ნიმუში არის აღებული, ზოგ შემთხვევაში განმეორებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG