Accessibility links

რუსეთს მოსკოვის მეტროს სადგურ „პრაჟსკაიასთვის“ სახელის გადარქმევა სურს ჩეხეთთან დაპირისპირების გამო


მეტროს სადგური "პრაჟსკაია"

რუსეთის სამთავრობო უწყება გამოვიდა წინადადებით, მოსკოვის მეტროს სადგურ „პრაჟსკაიას“ სახელი შეეცვალოს რუსეთსა და ჩეხეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირების ფონზე.

ეს ინიციატივა გაჩნდა მას შემდეგ, რაც პრაღის ხელმძღვანელობამ ახლახან მოხსნა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა მარშლის, ივან კონევის, ძეგლი, რომელიც დავის საგნად იყო ქცეული.

10 აპრილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დაემუქრა ჩეხეთის რესპუბლიკას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იურისდიქცია არ ვრცელდება ჩეხეთზე.

ივან კონევის ძეგლი პრაღის მუნიციპალიტეტმა 3 აპრილს მოხსნა. კონევი სარდლობდა საბჭოთა ჯარებს, რომლებიც 1945 წლის მაისში შევიდნენ პრაღაში მას შემდეგ, რაც ქალაქი წინააღმდეგობის მოძრაობამ გაათავისუფლა ნაცისტებისგან.

რუსეთის მედიის ცნობით, 16 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სახალხო საბჭო გამოვიდა ინიციატივით, მოსკოვის მეტროს სადგურ „პრაჟსკაიას“ დაერქვას „მარშალი კონევი“. საბჭომ განაცხადა, რომ ეს წინადადება პასუხია პრაღაში კონევის ძეგლის მოხსნაზე. საბჭომ წერილი გაუგზავნა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და მხარდაჭერა სთხოვა მას, იტყობინება თავდაცვის სამინისტროს ტელეარხი „ზვეზდა“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს მის საშინაო საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG