Accessibility links

ლავროვი: დახმარების შესახებ აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთი ტესტირების სისტემებით, რესპირატორებით და სხვა საშუალებებით ეხმარება დსთ-ის ქვეყნებსაც და აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“.

„ამის შესახებ ალბათ, უფრო მეტს უნდა ვყვებოდეთ“, - უთხრა ლავროვმა გამოცემა „კომერსანტს“. მისივე თქმით, ზოგიერთმა დამატებით ითხოვა დახმარება და ეს საკითხიც განიხილება: „არცერთ მომართვა, იქნება ეს დსთ-ის ქვეყნებიდან, ან აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან უყურადღებოდ არ დარჩება“.

ლავროვთან ინტერვიუს ნაწილი ეთმობა სწორედ იმას, თუ როგორ ეხმარება რუსეთი სხვა ქვეყნებს მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არაერთი საჭიროება აქვს. რამდენიმე დღის წინ იტალიური პრესა წერდა, როგორ სთავაზობენ იტალიელებს დახმარების გამო რუსეთისთვის მადლობის საჯაროდ გამოცხადებისთვის გარკვეულ თანხას.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობები აცხადებენ, რომ კორონავირუსზე ტესტირებას რუსეთიდან მიღებული საშუალებებით ატარებენ. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, რეგიონში ჯერჯერობით არ გამოვლენილა კორონავირუსის არცერთი შემთხვევა. ინფიცირების 3 შემთხვევას ადასტურებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. მისი ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა და ის აღმოაჩნდა რუსეთიდან დაბრუნებულ გაგრელ მამაკაცს.

დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში COVID-19-ის პირველ შემთხვევად არ თვლის კორონავირუსით გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის დაავადებას. 50 წლის ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. მას უკვე აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები. იმავე ღამით, პაციენტს დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნეს. ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ პაციენტს COVID-19 აქვს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, განსხვავებით ცხინვალის დე ფაქტო მთავრობისგან, ბოლო ხანს არაერთხელ გახსნა ე.წ. საზღვარი და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა მისცა რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ. მათ შორის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აღმოჩნდა სოხუმელი ცოლ-ქმარი, რომლებსაც სეზონური გრიპის დიაგნოზი დაუსვეს.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე დაადასტურა მზადყოფნა, დაეხმაროს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს.

მარტში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით აფხაზეთში ჩავიდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დელეგაცია, რომელმაც ადგილზე ჩაიტანა გარკვეული სახის სამედიცინო საშუალებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG