Accessibility links

ვოლსკი: არ უნდა დავუშვათ, რომ ლიტურგიის და ეკლესიის მიზეზით მოხდეს დაავადების გავრცელება


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საზოგადოების წინაშე ეკლესიისა და ხვალინდელი დღის გადარჩენის ამოცანა დგას. მისი თქმით, ეკლესია არ დაიხურება, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც რომ არ დავუშვათ დაავადების გავრცელება ეკლესიის მიზეზით:

„ხალხმა უნდა გაითავისოს ერთი მთავარი რამ, რომ ძალიან ბევრს აქვს სურვილი შეიქმნას ე.წ. „ეკლესიის კლასტერი“. არ უნდა დავუშვათ ეს ვინაიდან ეკლესია, სარწმუნოება არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზედაც სახელმწიფო დგას.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი - მეცნიერებაზე, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომელსაც იზიარებს სამოქალაქო ხელისუფლებაც და იზიარებს სასულიერო იერარქია. არ უნდა დავუშვათ ის, რომ ლიტურგიის და ეკლესიის მიზეზით, იმ მიზეზით ვინც შეიკრიბება ეკლესიის გარშემო ან ეკლესიაში - მოხდეს ამ დაავადების გავრცელება.

ეს დაუშვებელია ყველა თვალსაზრისით, მორწმუნეთათვის, არა მორწმუნეთათვის პრაგმატული თვალსაზრისით სახელმწიფომ ეს არ უნდა დაუშვას”, - განაცხადა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, არ იქნება ცოდვა ის, თუ ეკლესიაში არ მივლენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამით შესაძლოა ოჯახის წევრები ან სასულიერო პირები დააზიანონ:

„სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია ყველა მორწმუნე, ვინც დღეს ამ ვითარებას ადევნებს თვალ-ყურს. აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილებაც, რაც მთავრობამ შესთავაზა საპატრიარქოს და ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საპატრიარქომ. ვისაც ოდნავ მაინც აქვს განცდა იმისა, რომ შეიძლება არა მარტო თავისი თავი არამედ, სასულიერო პირები, ოჯახის წევრები დააზიანოს, უნდა დარჩნენ სახლში”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

იგი ამბობს, რომ ყველა ცოდვის მონანიება შეიძლება, გარდა იმ ცოდვისა, რასაც სახელმწიფოს ფუნდამენტის დანგრევა, მათ შორის ეკლესიისთვის ზიანის მიყენება ჰქვია.

საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია მრევლის თანდასწრებით გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG