Accessibility links

ამირან გამყრელიძე: ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები, მამაოები ილოცებენ ჩვენთვის


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში ლაპარაკობს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ფორმების შესახებ და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„ეს ოთხი დღე მოგეხსენებათ, ჩვენი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული, რაც არის, აღდგომა, მისი წინა დღეები და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეული, გახლავთ ყოველთვის საქართველოში ტრადიციულად დიდი შეკრებების მიზეზი. ამიტომ არის ჩვენი რეკომენდაციები ძალიან დიდი მოწიწებით, ძალიან დიდი თხოვნით საზოგადოებისადმი, რომ წელს დღესასწაულების ფორმატი შევცვალოთ. ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამ სპირალიდან გამოსვლა ძალიან რთული იქნება ნაკლები დაზიანებით, გვექნება ბევრი დაზიანება. ამიტომ არის ეს უმორჩილესი თხოვნა, რომ თავი შევიკავოთ ამ პერიოდში ეკლესიებში წასვლისგან, ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები, მამაოები ილოცებენ ჩვენთვის. ეს ლოცვა დარწმუნებული ვარ, უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვენი მისვლა ადგილზე ტაძარში. დამიჯერეთ, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ექიმი ვარ, იძულებული ვარ, რომ გითხრათ ამ საშიშროების შესახებ“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

15 აპრილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას გააცნო საპატრიარქოს პოზიცია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე.

ტაძრებში მრევლის განაწილების საკითხზე მღვდელი აღნიშნავს, რომ „დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG