Accessibility links

აჭარაში ინფიცირებულია მედპერსონალის ხუთი წარმომადგენელი


შვიდი პაციენტით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარაში. როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ თქვა, მათგან ხუთი არის სამედიცინო დაწესებულების პერსონალი.

„მათი თხოვნით არ ვასახელებთ იმ კლინიკას, სადაც ისინი მუშაობენ“, - აღნიშნავს მინისტრი და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს: „დარჩეთ სახლში. რესურსები, რაც ჩვენ გვაქვს (ადამიანურ რესურსს ვგულისხმობ), მოგვეცით შანსი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ პროცესების სწორი მართვისთვის“.

დანარჩენი ორი შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ინფიცირებულები საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.

„ქობულეთის კლასტერი“ უკავშირდება ჯერჯერობით დაუდგენელი წყაროდან დაინფიცირებულ ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მამის ოჯახს სტუმრობდა.

სამთავრობო ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 348-ს მიაღწია, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 76, სამი ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 000. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 494. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG