Accessibility links

აფხაზეთის არაღიარებული ეკლესია მრევლს მოუწოდებს, სიკვდილის არ შეეშინდეთ და ტაძარში ილოცონ


სოხუმის ერთ-ერთი ტაძრის მრევლი ხარების დღესასწაულზე. 2020 წლის 7აპრილი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებული მართლმადიდებელი ეკლესიის ე.წ. სოხუმი-ბიჭვინთის ეპარქია კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, რელიგიურ რიტუალებს მრევლის მონაწილეობით განაგრძობს.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზა“-ს სოხუმელი კორესპონდენტის ცნობით, ეპარქიის მეთაურმა მორწმუნეებს მოუწოდა, სიკვდილის არ შეეშინდეთ, ტაძრებში იარონ და ერთად ილოცონ. მხოლოდ ერთმა სასულიერო პორმა, იოანემ, რომელიც პროფესიით ექიმია, ეპიდემიის საფრთხის გამო მრევლს მიმართა, კარანტინის რეჟიმი დაიცვან.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას მიერ 9 აპრილს გამოცემული „დერეტით“ აკრძალულია მასობრივი თავშეყრა, მათ შორის საკულტო შენობებში.

თუმცა, 15 აპრილს აფხაზური ეკლესიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ტაძრები არ დაიხურება და სააღდგომო წირვა ჩვეული წესით ჩატარდება. აფხაზმა სასულიერო პირებმა ეკლესიაში მისვლისგან თავშეკავება ურჩიეს მხოლოდ ხანდაზმულებს და მათ, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს. ასევე, მშობლებს მიმართეს, ბავშვებს ტაძარში ნუ მიიყვანენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ლუდმილა სკორიკმა მოსახლეობას მოუწოდა, ეკლესიაში ნუ წავლენ. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG