Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყნეთის მრევლი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საპატრიარქოს კლინიკის მედპერსონალი არაა


წყნეთის ტაძრის ეკლესიის მრევლი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი არ არის, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ. მისი განმარტებით, ეს პირი საავადმყოფოში შრომის უსაფრთხოების ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობს და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, თვე-ნახევარზე მეტია სამსახურში არ ყოფილა:

„პანდემიის გამო კლინიკაში აუცილებელი ვინც არ არის, ის ხალხი არ დადის. არც შრომის უსაფრთხოების ინსპექტორის აუცილებლობა იყო და დაახლოებით თვე-ნახევარზე მეტია, ეს ქალბატონი კლინიკაში არ ყოფილა. ანუ შრომის უსაფრთხოების ინსპექტორის ვალდებულება და მოვალეობა არ არის ყოველდღე სიარული, ჩვენთან არის ხელშეკრულებით“, - განმარტავს ვეფხია ოდიშარია. მისი თქმით, შესაბამისად, აღნიშნული პირის ინფიცირების გამო საავადმყოფოში საგანგებო ზომების მიღება არ იგეგმება.

ვეფხია ოდიშარია ამბობს, რომ კლინიკა არის იმ საავადმყოფოების ჩამონათვალში, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით შედის ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფში:

„გადაცემულია ჩვენგან 100 საწოლი. ანუ ერთდროულად შეგვიძლია ჩვენ 100-საწოლიანზე მივიღოთ პაციენტები, შესაბამისი დროის დადგომის შემდეგ. ჯერ კლინიკა ჩვეულებრივად, უწყვეტად მუშაობს - გვყავს ქირურგიული, რეანიმაციული, თერაპიული და კარდიოლოგიური პაციენტები. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად ბრძანების შემდეგ, 48 საათში კლინიკა დაიცლება და მივიღებთ ცხელების ცენტრი იქნება თუ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს. ამიტომ ჩვენ პერმანენტულ მზადებაში ვართ, რომ არ მოხდეს რამე შიდა ინფექცია ან რამე გადადება“, - აღნიშნა ვეფხია ოდიშარიამ.

წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ტაძრის მრევლს, რომელიც საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია, ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ქალი 7 აპრილს ტაძარში ესწრებოდა ხარების დღესასწაულს და აღსარებაც ჩააბარა. თვითიზოლაციაშია ტაძრის 7 მსახური. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ტაძარი დაკეტილია და დეზინფექციის შემდეგ გაიხსნება.

17 აპრილის 13:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 370-ია. გამოჯანმრთელდა 79, გარდაცვლილია 3 ინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG