Accessibility links

ლომჯარია: ფარისევლებმა ჯვარცმისთვის გაიმეტეს ადამიანები, ხელისუფლებამ ხელები დაიბანა


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სააღდგომო ღვთისმსახურების მრევლის მონაწილეობით ჩატარების გადაწყვეტილებას „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე პოსტით გამოეხმაურა. ომბუდსმენი წერს, რომ ფარისევლებმა დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის გაიმეტეს, ხოლო ხელისუფლებამ ხელები დაიბანა:

„სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება. დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან... არაფერი შეცვლილა, ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა..“, - წერს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველმა 17 აპრილს საგანგებო მიმართვაც გაავრცელა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 17 აპრილიდან დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავყრილობის შეზღუდვას და, შესაბამისად, კვლავ რისკის ქვეშ ტოვებს ვირუსის ფართოდ გავრცელებას.

საგანგაშო ეპიდემიოლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, „მხედველობაში მიიღოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების მოწოდებები და სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება“.

17 აპრილის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 370-ია. გამოჯანმრთელდა 79, გარდაცვლილია 3 ინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG