Accessibility links

საგარეო სამინისტრო: საოკუპაციო ხაზზე ბანერების აღმართვით რუსეთი ცდილობს ვითარების გამწვავებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 17 აპრილს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს.

სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას:

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა.

საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

დღეს, 17 აპრილს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების დირბის და ტახტისძირის სასოფლო ნაკვეთებში დაიწყეს.

დირბელების თქმით, მათი სახნავ-სათესი მიწის ნაწილი ოკუპაციის ხაზს მიღმა ექცევა. ტახტისძირელების და დირბელების თქმით, დაახლოებით 5 ჰექტარამდე მიწის მიტაცება ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG