Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში „ოფშორის საქმეზე“ ბრალი წაუყენეს არქიეპისკოპოს ნავასარდ ქჩოანს


არქიეპისკოპოსი ნავასარდ ქჩოიანი
არქიეპისკოპოსი ნავასარდ ქჩოიანი

სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და სომხეთის ხელისუფლებას შორის გრძელდება სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ, რაც 13 აპრილს სომხეთის უშიშროების სამსახურმა ფულის გათეთრებისა და თაღლითური სქემით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისების მუხლებით ბრალი წაუყენა სომხეთის სამოციქული ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქიის ხელმძღვანელს, არქიეპისკოპოს ნავასარდ ქჩოიანს.

სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გაუსვლელობის ხელწერილი შეეფარდა.

ბრალდებაში ფიგურირებს ე.წ. ოფშორის სკანდალი, გახმაურებული საქმე, რომლის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტიგრან სარქისიანი და არქიეპისკოპოსი ნავასარდ ქჩოიანი. სამი წლის წინ „ოფშორის საქმეზე“ 16 წლით პატიმრობა მიესაჯა ბიზნესმენ აშოტ სუკიასიანს, რომელიც არქიეპისკოპოს ქჩოიანის ნათლულია. ამ წელს სუკიასიანი საპატიმროდან გათავისუფლდა სასჯელის შემსუბუქების შედეგად.

ქჩოანის ადვოკატმა, ოვიკ არსენიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს უარყოფს და მას ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ კი მოუწოდა „თანამდებობის პირებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომ დაიცვან კონსტიტუციით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავი შეიკავონ უადგილო, ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი კომენტარებისა და შეფასებებისგან“.

ეჩმიაძინის საპატრიარქო „გაუგებარს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ არქიეპისკოპოს ნავასარდ ქჩოიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ცნობა დაემთხვა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ მეორის, მიერ გახმოვანებულ პოზიციას, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, პატიმარობაში მყოფი ყველაზე დაუცველი ჯგუფის, მათ შორის, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის, მიმართ მოქმედი აღკვეთის ზომის შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა, მანე გევორკიანმა, განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა „არავითარ კომენტარს არ გააკეთებს მისი უწმინდესობის სურვილებსა და იმედებზე“. თუმცა, ამ კონტექსტში, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა გაიხსენა რობერტ ქოჩარიანთან დაახლოებული ბიზნესმენი, სამველ მაირაპეტიანი, რომელიც სომხეთის ეკლესიის თავდებობის მიუხედავად, კვლავ უარს ამბობს ქვეყანაში დაბრუნებასა და სასამართლოს წინაშე გამოცხადებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG