Accessibility links

შსს სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენას სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით იძიებს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხელ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

იმ დროს, როცა ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთი მოქალაქე ფეისბუკის პირდაპირ ეთერში გავიდა. ვიდეოში ის ამბობს, რომ ნახა, საიდან "ვრცელდება კორონავირუსი" და "ბუდეს დემონტაჟს" უტარებს. შემდეგ მობილურს ჯიბეში იდებს, ისმის მსხვრევის ხმა და რამდენიმე წამში ჩანს ცეცხლწაკიდებული შენობა.

"ესეც თქვენი მიშელინის ბიბლიოთეკა", - ამბობს ახალგაზრდა კაცი.

ამ საქმეზე დაკავებულია თუ არა ვინმე, რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება პასუხს.

ხანძარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკაში დღეს, 19 აპრილს, დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. შენობაში გაჩენილი ხანძარი სააკაშვილმა ბიბლიოთეკის ამდროინდელ საქმიანობას დაუკავშირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG