Accessibility links

კორონავირუსით ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში გარდაცვალების შემთხვევებმა იკლო


იტალიაში, რომელიც ევროპაში პირველ ადგილზეა COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვით, ლეტალური შედეგების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო. კვირას, 19 აპრილს დაფიქსირდა გარდაცვალების 433 ახალი შემთხვევა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით ოდნავ შემცირებულია ინფიცირების ახალი შემთხვევები. იტალიაში, საერთო ჯამში, უკვე დაავადდა 179 000-მდე ადამიანი. მათგან 23 600-ზე მეტი გარდაიცვალა.

ესპანეთში, 19 აპრილის მონაცემებით, დღე-ღამეში გარდაიცვალა 410 ადამიანი, რაც წინა დღის მაჩვენებელზე თითქმის 150-ით ნაკლებია. აპრილის დასაწყისში ესპანეთში ლეტალური შედეგების ყოველდღიური მაჩვენებელი 900-ს აჭარბებდა. ამასთან, 19 აპრილს, წინა დღესთან შედარებით, დაახლოებით 600-ით მოიმატა ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა. ამ დროისთვის ესპანეთში სულ დაავადდა 198 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 20 400-ზე მეტი გარდაიცვალა.

საფრანგეთში როგორც გარდაცვალების, ისე ახალი შემთხვევების მკვეთრი კლებაა. 19 აპრილს, 395 ადამიანი გარდაიცვალა. წინა დღეს - 642. გასულ ორ დღეში დაახლოებით სამჯერ შემცირდა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. 20 აპრილის დილის მონაცემებით, საფრანგეთში, საერთო ჯამში, დაავადდა 152 800-ზე მეტი ადამიანი. 19 700-ზე მეტი გარდაიცვალა.

გერმანიაშიც იკლო როგორც გარდაცვალების, ისე ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა. 19 აპრილს დაფიქსირდა 104 ლეტალური შედეგი. წინა დღეს ეს რიცხვი 186 იყო. თითქმის 300-ით შემცირდა ინფიცირების ახალი შემთხვევები. ამ დროისთვის, გერმანიაში სულ დაავადდა 145 700-ზე მეტი ადამიანი. 4 600-ზე მეტი გარდაიცვალა.

დიდ ბრიტანეთში, რომელიც დაავადების გავრცელების მასშტაბით ევროპაში მეხუთეა, 19 აპრილს დაფიქსირდა გარდაცვალების 596 ახალი შემთხვევა. წინა დღის მაჩვენებელი 888 იყო. ამასთან, დაახლოებით 300-ით მოიმატა ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა. ამ დროისთვის, გაერთიანებულ სამეფოში სულ დაავადდა 120 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 16 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG