Accessibility links

ნავთობის ფასები ვარდნას განაგრძობს, აშშ-ში ფასებმა ბოლო 20 წლის ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია


ნავთობის ფასები ვარდნას განაგრძობს და მიაღწია დონეს, რომელზეც ორი ათეული წლის განმავლობაში არ ყოფილა. ფასების ვარდნის ფონია კორონავირუსის პანდემია და სადავო შეთანხმება ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასა (OPEC) და რუსეთს შორის.

20 აპრილს აშშ-ის ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა 15 დოლარამდე იკლო.

ეს ნავთობის მარკა West Texas Intermediate-ისთვის ყველაზე დაბალი ნიშნულია თითქმის 20 წლის განმავლობაში.

უფრო ფართოდ გავრცელებული გლობალური ინდექსის, Brent-ის ფასი 2%-ით დაეცა და ის ბარელში 27 დოლარს შეადგენს.

რუსეთის ძირითადი ინდექსი Urals-ი 1%-ით დაეცა და ერთი ბარელი 23 დოლარი ღირს.

მსოფლიოში ნავთობის ფასების კოლაფსი გამოიწვია ეკონომიკის ზრდის შენელებამ მას შემდეგ, რაც მთავრობებმა კორონავირუსის პანდემიის შეკავების მიზნით მკაცრი ზომები დაუწესეს ბიზნესსა და კერძო პირებს.

ფასების ვარდნა ასევე ემთხვევა მსხვილი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მიერ ნავთობის მიწოდების მკვეთრად გაზრდას მას შემდეგ, რაც რუსეთმა და OPEC-მა ვერ შეძლეს შეთანხმება მოპოვების შემცირების თაობაზე.

რუსეთმა და საუდის არაბეთმა - მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა - მოგვიანებით შეცვალეს კურსი და მიაღწიეს შეთანხმებას, რათა შეემცირებინათ ნავთობის ამოტუმბვა. მაგრამ ამან ფასების ვარდნას ვერ უშველა.

ფასების ვარდნა შეშფოთებას იწვევს ქვეყნებში, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებული ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. ეს ეხება რუსეთსა და საუდის არაბეთს, ასევე ვენესუელასა და ირანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG